ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე იოავ გალანტს ისრაელ კაცი შეცვლის. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო.
ისრაელ კაცი მადლობას უხდის ნეთანიაჰუს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენისა და გამოცხადებული ნდობისთვის.
„მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისადმი ვალდებულებით. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად თავდაცვის სტრუქტურის გასაძლიერებლად, რათა მივაღწიოთ გამარჯვებას და ომის მიზნებს: ყველა მძევლის დაბრუნებას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მისიას, „ჰამასის“ განადგურებას ღაზაში, „ჰეზბოლას“ დამარცხებას ლიბანში, ირანის აგრესიის შეჩერებას და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მცხოვრებლების უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ამასთან, ისრაელ კაცის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას გიდეონ საარი დაიკავებს.