გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ მმართველი კოალიციის დაშლა სამყაროს დასასრული არ არის. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კოალიციის დაშლის შემდეგ ყველა მხარეს პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს, რათა პოლიტიკური კრიზისი გადაილახოს. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფრანკ ვალტერ შტაინმაერი თავის მიმართვაში წერს.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 75-წლიან ისტორიაში იშვიათად ხდებოდა, როდესაც მმართველი კოალიცია კანონმდებლობის პერიოდის დასრულებამდე კარგავდა უმრავლესობას გერმანულ ბუნდესტაგში, მაგრამ ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას, რომელიც ახლა განხორციელდა. კოალიციის დასასრული – ეს არ არის სამყაროს დასასრული. ეს პოლიტიკური კრიზისია, რომელიც უნდა გადავლახოთ და ასეც იქნება“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცალსახადაა მითითებული კოალიციის დაშლის შემდგომი პროცედურები და ხაზი გაუსვა, რომ გერმანული დემოკრატია ძლიერია.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი და ასევე პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაწერეს იუსტიციისა და განათლების მინისტრებმა, გერმანიის მმართველი კოალიცია ფაქტობრივად დაიშალა.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მთავრობისადმი ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხს ბუნდესტაგში იანვარში დააყენებს, თუმცა ჯერ უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ამ საკითხზე ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი. შესაძლოა, ამ პარტიამ შოლცის მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების კენჭისყრა არა იანვარში, არამედ უახლოეს დღეებში მოითხოვოს.