კომისიის მიზანი არ ყოფილა პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა, რასაც ადასტურებს საკონსტიტუციო ცვლილების შემოთავაზებული რედაქცია, რომელიც პრეზიდენტს ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
”იყო ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს კომისიის მიზანი იყო პრეზიდენტის სტატუსის და უფლებამოსილების შეზღუდვა. სტატუსი რჩება ზუსტად ისეთი, როგორიც არის განსაზღვრული დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ანუ საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. სტატუსი არ იცვლება, უფლებამოსილების კუთხით კი გვაქვს ცვლილებები იქ, სადაც ამას მოითხოვს იურიდიული ლოგიკა. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით დისკუსია ვენეციის კომისიის ექსპერტებთან და მათ სრულად დაუჭირეს მხარი იმ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნაწილში.
პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული დისკუსიები კომისიისა თუ სხვა ფორმატებში. წარმოდენილი იქნა უამრავი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის უპირატესობაზე იმ სისტემაში, რომელიც წარმოდგენილია და ამას ეფუძნება სწორედ ის ცვლილება, რომელიც შემოთავაზებულია საკონსტიტუციო პროექტით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.