ოპოზიციისთვის პარტიული პოლიტიკური საქმიანობა მთავრდება უცხოეთიდან მიღებული გადაწყვეტილებებით და დავალებებით, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, ძნელია რაიმე პროგნოზის გაკეთება, როდესაც საქმე სრულიად უპასუხისმგებლო ოპოზიციას ეხება. შესაბამისად, რთულია ვარაუდი იმის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია ამერიკული მოდელით დაკომპლექტებულ პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიაში.
„სამწუხაროდ, ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად უპასუხისმგებლო, საკუთარი ქვეყნის პირდაპირ დავარქვათ საგნებს სახელი, მოძულე ოპოზიციასთან, ვისთვისაც ქართული სახელმწიფოს ბედ-იღბალი არის აბსოლუტურად ყურადღების მიღმა დარჩენილი. ერთადერთი, თუ ისინი ხელისუფლებაში არიან მაშინ თვლიან, რომ აქ, აი ამ ტერიტორიას სახელმწიფო ჰქვია და ქვეყანა ჰქვია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძალიან გულუხვად არიგებდა 2012 წლამდე არსებული ხელისუფლება ქართულ ტერიტორიებს, სამწუხაროდ, და ადამიანის უფლებები რა დღეში იყო ჩვენს ქვეყანაში ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, როგორ იდგა რიგში 2020 წელს ვითომ პარლამენტში შემოსვლის არ მოსურნე ოპოზიცია. მათიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეს ხალხი საკუთარი გადაწყვეტილებებით არ მოქმედებს. ეს არიან ის ადამიანები, ვისთვისაც პარტიული პოლიტიკური საქმიანობა მთავრდება უცხოეთიდან მიღებული გადაწყვეტილებებით და დავალებებით.
„წინასაარჩევნო პროცესებმაც ხომ ძალიან კარგად აჩვენეს, არცერთი ასე ვთქვათ მსხვილი წინასაარჩევნო პროცესი ამ ძალებს, ოთხ ნაწილად დაშლილ „ნაცმოძრაობას“ არ ჩაუტარებია და რეალურად საზოგადოებამ კარგად დაინახა და ბოლოს შედეგით იგრძნო, რომ ასეთმა მიდგომამ – მარტო უცხოეთიდან მაშველი რგოლების ლოდინმა რა შედეგამდე მიიყვანა ოპოზიცია, საზოგადოებამ კარგად დაინახა, როგორ მწარედ დამარცხდნენ ისინი არჩევნებზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, რას იზამს ხვალ ოპოზიცია – კანდიდატს დაასახელებს, ყველას შეასწრებს პარლამენტში და „ქართულ ოცნებას“ უკვე იქ დახვდება – ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხი კი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას უკავშირდება, რომელიც დიდი ყურადღებით ეკიდება ქვეყნის ბედ-იღბალს, მის მომავალს.
„და კიდევ ერთხელ, ის კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იქნება წარდგენილი, იქნება შესაბამისი ყველა იმ კრიტერიუმის, რომელიც ერთის მხრივ, კონსტიტუციით არის მოცემული და, მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის არის საჭირო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მათიკაშვილმა