თბილისის საკრებულოში, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
დავით ნარმანია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპუტატებს გასულ წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს აცნობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანია სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღებას გაამახვილებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. კერძოდ, ჩატარებულ საგზაო სამუშაოებზე, ხიდების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე; ასევე პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის შესახებ.
დავით ნარმანია ასევე შეეხება დედაქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების საკითხებს, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
თბილისის მერი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრებს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
გარდა ამისა, დავით ნარმანიამ დეპუტატებს მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა 2016 წელს თბილისში და რა იგეგმება ამ მიმართულებით 2017 წელს. ამასთან, თბილისის მერი ახალგაზრდების, სპორტისა და კულტურის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილებს ყურადღებას.