„როდესაც არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც თქვეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული. მათ ხაზი გაუსვეს ცესკოს პროფესიონალიზმს და აღნიშნეს ის, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად ეს დასკვნა არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რადიკალურმა ოპოზიციამ ეუთო/ოდირის გაშავების კამპანია დაიწყო, რასაც ახლა ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები და რიგი ევროპარლამენტარები აგრძელებენ.
მაჭავარიანი ყურადღებას ამახვილებს ეუთო/ოდირის განცხადებაზე, მათ შორის იხსენებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
დეპუტატის შეფასებით, ეს ყველაფერი მეტ კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოებაში და სამწუხაროდ ამით ევროკავშირი და მისი სტრუქტურები კიდევ უფრო აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში.
„ეუთო/ოდირი არის ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ეუთო/ოდირის გაშავების კამპანიას ვუყურებთ, რომელიც ჯერ კიდევ რადიკალურმა ოპოზიციამ თავიანთი უცხოელი ბოსების დავალებით დაიწყეს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და შეგახსენებთ ბატონი გვარამიას და ბატონი გახარიას განცხადებებს. მაგრამ ეს გაშავების კამპანია სამწუხაროდ, ახლა უკვე ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებისგან და რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან გრძელდება. ამის მიზეზი ძალიან მარტივია, ამ ხალს, შიდა და გარე აქტორებს აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია ე.წ. გლობალური ომის პარტიისგან, დიფ სთეითისგან, ვისზეც უკვე ძალიან აქტიურად საუბრობს ბატონი დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი, რომ საქართველოში რამენაირად მოხდეს რევოლუცია და ხელისუფლებაში რადიკალური ძალები, აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიცია დააბრუნონ. შეგახსენებთ ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს, სადაც ეუთო/ოდირმა მხოლოდ ერთადერთი პრობლემის იდენტიფიცირება მოახდინა და ეს იყო პოლარიზაცია, რომელიც სამწუხაროდ სახეზე გვაქვს და ამას რა თქმა უნდა აღვივებს და ხელს უწყობს რადიკალური ოპოზიცია თავიანთი რადიკალური ენჯეოების და თავიანთი პრეზიდენტის მეშვეობით. მეტი პრობლემის იდენტიფიცირება შუალედურ ანგარიშში არ მომხდარა. როდესაც არჩევნები ჩატარდა და ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადება მოვისმინეთ, სადაც მათ თქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ამ არჩევნების პერიოდში აბსოლუტურად ყველა სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი გარემო იმისათვის, რომ ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია. მათ ხაზი გაუსვეს ცესკოს პროფესიონალიზმს და აღნიშნეს ის, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად ეს დასკვნა რა თქმა უნდა, არ მოსწონთ რიგ პოლიტიკოსებს ევროპაში, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ დაეყრდნობოდნენ სწორედ ეუთო/ოდირის დასკვნას. იმასაც შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ რამდენიმე ხნის წინ იყო დახურული შეხვედრა ევროკავშირის ელჩებისა და ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებს შორის, საქართველოს თემასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ საჯარო კომენტარები ამასთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არ მოგვისმენია იქიდან გამომდინარე, რომ ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებმა იმ შეხვედრაზე ზუსტად ის გააჟღერეს, რაზეც ისაუბრეს მათ საქართველოში, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები. ამის შემდეგ უკვე საჯაროდ მოვისმინეთ განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, რომელმაც ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად ეს კიდევ მეტ კითხვის ნიშანს ბადებს ჩვენს საზოგადოებაში და სამწუხაროდ ამით ევროკავშირი და მისი სტრუქტურები კიდევ უფრო აზიანებენ თავიანთ რეპუტაციას ჩვენი მოსახლეობის თვალში“-განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.