ისეთი გამოუცდელი არ ვარ, რომ საარჩევნო კამპანია ვერ დავგეგმო და ორ წელზე გავწელო, ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანია – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ილიაუნის სტუდენტებთან შეხვედრის დროს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისია ლეგიტიმურია, მაგრამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია სხვა საკითხია.
„არ ვიცი, მმართველი გუნდი რატომ ეძახის ამას წინასაარჩევნო კამპანიას, ეს იმათ უნდა ჰკითხოთ. საკუთარ თავზე გავიგე, ტერორიზმს ვუწყობ ხელს და სახელმწიფოს ვანგრევ, რადგან ვთქვი, პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელი. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგს, რატომ ჩათვალეს ასე, ჩემთვის ძნელი ასახსნელია. ამიტომ მინდა დისკუსია. პოლიტიკურად ისეთი გამოუცდელი არ ვარ, რომ კამპანია ვერ დავგეგმო და ორ წელზე გავწელო. ეს არ არის წინასაარჩევნო კამპანია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს.