არის საკითხები, რომელზეც დაშვება მხოლოდ პარლამენტის წევრებს აქვთ და იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ, სხდომის დახურვა გადაწყდა, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე განმარტებისას განუცხადა.
”არ შეიძლება ნახევრად ხუმრობით არ აღინიშნოს, რომ როდესაც ”ნაციონალებს” და ”ყოფილ ნაციონალებს” კამერები მოშორდებათ, მათ ხალისი ეკარგებათ ხოლმე კითხვების დასმის და მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც რეალურად საინტერესოა პარლამენტისთვის.
უსაფრთხოების სამსახურის გაუქმების მოთხოვნა რამდენად ადეკვატურია პოლიტიკოსის მხრიდან, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს და შესაბამისად პასუხიც გასცეს. პოლიტიკური მიზნებისთვის სუს-ის გამოყენებაზე და უკანონოდ მოსმენებზე საუბრობენ ის ადამიანები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ თავის დროზე იმ მართლა უკანონო, სისტემური მოსმენების წინააღმდეგ, რაც 2012 წლამდე იყო ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი დადასტურებული ფაქტი უკანონო მოსმენების არ არსებობს. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებსა და მოგონილ ფაქტებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.