საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.
„ჩვენ ევროპული ინტეგრაციის პროცესი არ შეგვიჩერებია. ჩვენ არ შეგვიჩერებია მოლაპარაკებები, იმიტომ რომ მოლაპარაკებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ჯერ არც დაწყებულა, რადგან არ არსებობს ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილება“, – თქვა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პირველი დიპლომატი 28 ნოემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ამის შემდეგ თბილისის ქუჩებში ხალხის პროტესტსაც შეეხო.
„რა თქმა უნდა, ყველა აქვს უფლება პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის. სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ჩვენ ამ პროტესტს მშვიდობიანს ვერ ვუწოდებთ, იმიტომ რომ ფეიერვერკებით შეიარაღებული მოძალადე ჯგუფებს მიზანში პოლიციელები ჰყავდათ ამოყვანილი. დაახლოებით 200 პოლიციელი დაშავდა. მათ ნაწილს ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვთ. რთულია იმის თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მან ასევე დასძინა, რომ ყველა ცნობა პოლიციელის მხრიდან შესაძლო გადამეტების შესახებ გამოძიებული უნდა იყოს და ძალადობა, რა თქმა უნდა, ორივე მხრიდან არის დასაგმობი.