ბუნებრივია, მძიმე ემოციური ფონი აქვს ამ ქალბატონს. იმდენად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს, რომ ერთადერთი შეიძლება, ეს დააბრალო მძიმე ემოციურ ფონს და ამას ვიღაცები ხელს უწყობენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. აღნიშნულით მან უპასუხა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას: „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მზად ვარ, დავსხდეთ, მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე“.
მამუკა მდინარაძის თქმით, არჩევნების დანიშვნას საფუძვლები სჭირდება.
„დღეს ვნახეთ ერთ-ერთი პოლიტიკოსის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსი, სადაც დახურულს კარს მიღმა კი არა, საჯაროდ მოუწოდებს არჩევნების დანიშვნისკენ. გუშინ ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ ვიცი, კონსტიტუციას არ კითხულობენ და არ იციან, მთლად ასეთი უცოდინრებიც არ არიან, რომ ასე მოუნდეს და დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, ახალი არჩევნები, ამას თავისი საფუძვლები სჭირდება. ასე თუ იგებენ ისინი კონსტიტუციას, მაშინ თენგო დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, ხელს ხომ ის აწერს, რა პრობლემაა. კონსტიტუცია თუ ასე უნდა წაიკითხონ ცალკე, ასეთი შემთხვევა წარსულში გვქონდა. მათ გაიგეს კონსტიტუცია ისე, რადგან საგარეო ურთიერთობებს წარმოადგენსო, ასე ცალკე ამოგლეჯილად ეს მუხლი, დღემდე თვითონ აცხადებენ, რომ საგარეო ურთიერთობებში ყოველგვარი თანხმობის და ნებართვების გარეშე შეუძლია წავიდეს და თვითონ დაალაგოს ქვეყნის შესახებ ურთიერთობები. წარმოუდგენელი ამბავია. იგივე წარმატებით შეუძლია, თენგო ან თავად ნიკა გვარამია დანიშნოს პრემიერ-მინისტრად. ხელს ხომ თვითონ აწერს, დანარჩენი – პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს, თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, საფუძველი ექნება თუ არა. ამ შემთხვევაში, პარლამენტის ნდობა არის საფუძველი, პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე ხელი რომ მოაწეროს. ასე თუ შეუძლია არჩევნების ჩანიშვნა, ჩაატაროს, გვარამია და თენგო იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები. არასერიოზულია. კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით, ყველაფერს სჭირდება თავისი საფუძველი. ასეთი საფუძველი არ არსებობს.
მეტიც, გუშინ ლაპარაკობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი დაემუქრაო. ადამიანი თუ დანაშაულს ჩაიდენს, ის აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, ჩვეულებრივი ამბავია, მოცემულობაა, დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს და არ აღმოჩნდება. ხელისუფლების მითვისება კიდევ ცალკე თემაა. კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების მითვისება არ შეიძლება, დაუშვებელია. ასევე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში არაერთი მუხლი, ყველა შემთხვევას აქვს თავისი დამოუკიდებელი სისხლის სამართლებრივი ხასიათი. დანაშაულს თუ ჩაიდენ და აღმოჩნდები გისოსებს მიღმაო, ადამიანი თუ გეტყვის, მუქარა რანაირად არის, არ ვიცი. ვინც დანაშაულს ჩაიდენს, აუცილებლად აღმოჩნდება მართლმსაჯულებაში. გამოძიება მიხედავს. ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.