მე მივმართე პარლამენტს, რომ სხდომა დახურულიყო, რადგანაც ჩვენ მოგვცემოდა საშუალება დაგვესვა ყველა აქტუალური შეკითხვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის ვახტან გომელაურის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილმა სუს-ის ანგარიში დადებითად შეაფასა.
„სხდომაზე განიხილება ყველა ის ღონისძიება, ყველა ის საქმიანობის ფორმები, რომლითაც რეალურად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებული. სწორედ ამიტომ მე მივმართე პარლამენტს, რომ სხდომა დახურულიყო, რადგანაც ჩვენ მოგვცემოდა საშუალება დაგვესვა ყველა აქტუალური შეკითხვა, რომელიც ეხება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას, ასევე იმ საფრთხეებს, გამოწვევებს, რისკებს, რაც ქვეყნის წინაშე არის. საინტერესო პასუხებს მივიღებთ ჩვენ სწორედ ახლა, როდესაც ბატონი ვახტანგ გომელაური კითხვებზე სცემს პასუხს და ამის შემდეგ თავისთავად ცხადია, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას ექნება საშუალება საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. საერთო ჯამში ძალიან საინტერესო ანგარიშია“, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისი თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ არის მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მისვლა პარლამენტში და ანგარიშგება.
„საპარლამენტო კონტროლი არ არის მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსვლა და ანგარიშგება. მე მაქვს იმის შესაძლებლობა, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რომ უშუალოდ პროცესში დავაკვირდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობას და მინდა გითხრათ, რომ მართლაც კოლოსალურ საქმიანობას ეწევა ჩვენი სამსახური, ასევე ჩვენ ძალიან სერიოზული პარტნიორობა გვაქვს წამყვან ქვეყნებთან, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ქვეყანაში უსაფრთხოება. თქვენ იცით, რომ ბოლო რეიტინგებით საქართველო 29-ე ადგილზეა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაქსიმუმ შვიდქულიანი სისტემიდან 6 ბალი მიიღო საქართველომ, რაც არის ძალიან კარგი მაჩვენებელი და ეს ბევრ წილად განაპირობებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას, ტურისტების რაოდენობას, ასევე მთლიანად ქვეყნის განვითარებას და ვიზალიბერალიზაციის საკითხი პირდაპირ კავშირშია სწორედ იმასთან, რომ ქვეყანა არის უსაფრთხო. ამიტომ თავისთავად ცხადია, ყველანი დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენის მხრივ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილი სუს-ის ანგარიშს დადებითად აფასებს
2017/04/19 19:05:03
კომენტარები
ნანახია: 1098 ჯერ