პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირეები მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდნენ და გაკიცხეს ევროპელი ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის მართვის გამო, ხოლო ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინის ნატოში ჩართვის მცდელობები ამერიკაში დიდ ხმაურს წააწყდება, – წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პირობა დადო, რომ უკრაინა საბოლოოდ შეუერთდება სამხედრო ალიანსს, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინას საკმარისად ძლიერი პოზიცია იქნება.
ტრამპის ადმინისტრაციაში საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა განაცხადა, რომ ამერიკელები არ დაფარავენ გაფართოებული ბლოკის ხარჯებს, მაშინ როდესაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფო არ ასრულებს თავდაცვითი ხარჯების ვალდებულებებს.
„ვფიქრობ, ამერიკაში დიდ აჟიოტაჟს წააწყდებით, თუ ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის ნატოში ჩართვაზე გვესაუბრება. ამერიკელი ხალხი ფარავს თავდაცვით ხარჯებს. თქვენ არ შეგიძლიათ ამერიკელ ხალხს სთხოვოთ ნატოს ქოლგის გაფართოება, როდესაც ამჟამინდელი წევრები არ იხდიან თავიანთ სამართლიან წილს “, – აღნიშნა რიჩარდ გრენელმა.
„საკმაოდ შოკისმომგვრელია, რომ ევროპაში ამდენი საგარეო საქმეთა მინისტრია, ამდენი ამერიკელი პოლიტიკოსია, რომლებიც უბრალოდ არ ცდილობდნენ ომის შეჩერებას. ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს ბოლო 3.5 წლის განმავლობაში არ უსაუბრიათ. ახლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აღმაშფოთებელია. ამერიკელი ხალხი ფიქრობს, რომ ეს აღმაშფოთებელია“, – დასძინა მან.