საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში 20 თანამშრომელს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელში დაინერგება საპრემიო სისტემა.
„რაც შეეხება ხელფასების მომატებას, ესეც ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. 20 ადამიანს მოემატა ხელფასი და ეს პროცესი გაგრძელდება. დაინერგა პრემირების სისტემა, ძირითადად ეს იქნება გამოყენებული ნიუსრუმში. თუმცა, გარკვეული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, პრემირების სისტემას აუცილებლად გამოვიყენებთ სხვადასხვა ბლოკებშიც, მათ შორის ტექნიკურ ბლოკში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, ნიუსრუმის ნაწილია მაუწყებლის ონლაინ მედია, კონკრეტულად კი, ვმუშაობთ ახალ ვებპლატფორმაზე, რომელიც ივნისში გააქტიურდება. „ბუნებრივია, ონლაინ მედიასაც სჭირდება თანამშრომლები. მიმდინარე წლის მაისისთვის დასრულდება ნიუსრუმის დაკომპლექტება. ვარჩევთ ადამიანებს, ამჟამად მიმდინარეობს გასაუბრება. თანამშრომლების შერჩევის ჩვენეული კრიტერიუმები არის უფრო მკაცრი, ვიდრე იქნებოდა რომელიმე საატესტაციო კომისიის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურს ექვსი ახალი თანამშრომელი დაემატა.„მოამბის“ ახალი თანამშრომლები არიან: იმედა დარსალია, ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი, ირაკლი აბსანძე, ქეთი თუთბერიძე, ქეთი ქაშაკაშვილი. ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი და ირაკლი აბსანძე საზოგადოებრივში სამუშაოდ ტელეკომპანია „იმედიდან“ გადმოვიდნენ, ქეთი ქაშაკაშვილი და ქეთი თუთბერიძე – ტელეკომპანია „მაესტროდან“, ხოლო იმედა დარსალია სხვადასხვა მედიასაშუალებაში, ბოლოს კი თავდაცვის უწყების პრესსამსახურში მუშაობდა.