საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. ქუცნაშვილი თანამდებობებიდან გუბერნატორების შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მინისტრთა კაბინეტზეც გაამახვილა ყურადღება:
“ამას არ გამოვრიცხავ, რადგან პრემიერ-მინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეთ, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც. ამაში ლოგიკას და სისწორეს ვხედავ. მთავრობას, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს განახლება გარკვეული პერიოდულობით სჭირდებათ. სამთავრობო ცვლილებებიც პარლამენტის მიღმა არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ გარკვეული პერიოდულობით პრემიერ-მინისტრს სუსტი რგოლების გაძლიერების თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რაც პირველ რიგში საკადრო ცვლილებების მიღებაში გამოიხატება, რაც მისი გადასაწყვეტია სუსტად რომელ რგოლს მიიჩნევს და რომელს – ძლიერად“, – აცხადებს ქუცნაშვილი და ცვლილებებს გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში ვარაუდობს:
“ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე მინისტრის პორტფელი განახლდა. არჩევნების დამთავრებიდან გასულია სულ რამდენიმე თვე. ვფიქრობ, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები. პრემიერ-მინისტრს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში სულ მცირე ერთხელ სამთავრობო შემადგენლობა ნაწილობრივ მაინც განაახლოს იმისათვის, რომ სუსტი ნაწილები გაძლიერდეს“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
წყარო “საზოგადოებრივი მაუწყებელი”