აბუ-დაბის დეველოპერულმა კომპანია Eagle Hills-მა გამოაცხადა, რომ საქართველოში ორ პროექტში 5.7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Arabian Gulf Business Insight-ი ავრცელებს.
კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან თბილისსა და ბათუმში წყლისპირა პროექტების განვითარების შესახებ.
თბილისში კრწანისის პარკი იქნება მდინარისპირა შერეული სარგებლობის პროექტი საცხოვრებელი და საცალო ფართებით (590 ჰექტარის ტერიტორია).
Eagle Hills-ი ბათუმში გეგმავს „გონიო მარინას“ (260 ჰექტარი) პროექტის განვითარებას, რომელიც მოიცავს ბრენდირებულ საცხოვრებელ სივრცეს, სასტუმროებს, საცალო ვაჭრობის პარკებსა და საპარკო ზონებს.
Eagle Hills-ის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალაბარმა განაცხადა, რომ საქართველოს „უზარმაზარი პერსპექტივები და პოტენციალი აქვს“.
შეთანხმებას ხელი აბუ დაბიში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს მოეწერა.
Eagle Hills-ს აქვს მრავალმილიარდიანი პროექტები ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.