ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც ასეთი ტიპის ტრაგედიები ხდება ჩვენს ქვეყანაში, შოვის ტრაგედიით დაწყებული, ვაკის პარკში დაღუპული ბავშვის ტრაგედია, ხორავას ქუჩის ტრაგედია და ასე შემდეგ, ნებისმიერ ასეთ შემთხვევას სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები იყენებენ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, არც გამოძიებას ელოდებიან, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბრისას.
„ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ განცდა მაქვს, რომ უხარიათ, როდესაც ასეთი ტიპის ტრაგედია ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს არის რა თქმა უნდა ყოვლად მიუღებელი, ამორალური და ამაზრზენი მათი მხრიდან“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.