ის ქართული პოლიტიკური და ბიზნესელიტის ერთ-ერთ ყველაზე ბნელი და იდუმალი წარმომადგენელია. მას ფესვები მხოლოდ საქართველოში კი არა, რუსეთსა და უკრაინაშიც აქვს გამდგარი. ამასთან, მისთვის უცხო არც ორმაგი თამაშია, ანუ ურთიერთობის დალაგება ყველა პოლიტიკურ ძალასთან შეუძლია. ასე, მაგალითად, თავის დროზე შევარდნაძის „მოქკავშირის“ ,,აპეკუნი” იყო _ 1999 წელს, პარლამენტში სწორედ ამ პარტიის სიით შევიდა, მერე გუნდრუკს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკმევდა, დღეს კი, თურმე, „ოცნების“ მზეს იფიცებს, თუმცა ამბობენ, რომ ისევ პირწავარდნილი „მიშისტია“ _ არამცთუ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს და მის პოლიტიკურ გუნდს აფინანსებს, არამედ, უკრაინაშიც დადის და ფარულად საქართველოს მესამე პრეზიდენტსაც ხვდება. სხვათა შორის, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, დავით ბეჟუაშვილი, რომლის პოლიტიკური „კლიჩკაც“ „გაზავიკია“, ოდესის პორტის ყიდვას „ბელადის“, ანუ მიშას დახმარებით აპირებდა…
ნაციონალების 9-წლიანი მმართველობის დროს დავით ბეჟუაშვილის პერსონა ე.წ. შავ საქმეებში ხშირად ფიგურირებდა, კერძოდ, უკანონო ქმედებასა და ქონების წართმევაში მას ბრალს არაერთი ბიზნესმენი სდებდა. ამის მაგალითად რამდენიმე ქეისი გამოდგება, ვთქვათ, „საქცემენტი“, რომლის 2/3-იც ბეჟუაშვილმა დავით მხეიძეს „დააწერა“, ასევე „ავტოგაზი“, რომლის ერთ-ერთი აქციონერიც, კალანდაძე 2007 წელს უკანონოდ დააკავეს, მოგვიანებით კი გარდაიცვალა. დავით ბეჟუაშვილს ქონების მითვისება-წართმევაში შპს „სინათლის“ დამფუძნებელი, გელა გურასპაშვილიც ამხელს, რომელიც სხვა დაზარალებულების მსგავსად, ბეჟუაშვილის მიერ მიტაცებული საკუთრების დაბრუნებას და სამართლიანობის აღდგენას 2012 წლის შემდეგ უშედეგოდ ელის. არადა, არსებობდა მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, სამართლიანობა აღდგებოდა და დავით ბეჟუაშვილი კანონის წინაშე პასუხს მთელი სიმკაცრით აგებდა, მით უმეტეს, რომ „ოცნების“ ერთ-ერთ მთავარი დაპირება სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. უფრო მეტიც, დავით ბეჟუაშვილმა, როგორც ამბობენ, მფარველების მონახვა „ოცნებაშიც“ მოახერხა და, შესაბამისად, თავს მშვიდად და უდრტვინველად გრძნობს. ვინ არის თეთრიწყაროს ყოფილი მაჟორიტარის „ოცნებელი“ მფარველი? _ ამის შესახებ კულუარებში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ ბეჟუაშვილის „ოცნებური კრიშა“ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია, რომელიც ყოფილ პრემიერთან ახლობლობით ბოროტად სარგებლობს და მის ზურგსუკან, დანაშაულში ეჭვმიტანილ ისეთ ტიპებთან, როგორიც მაგალითად, დავით ბეჟუაშვილია, ფარულ ფინანსურ გარიგებაში შედის.
„ყველაფერ ამის შესახებ ივანიშვილმა არაფერი იცის, თორემ სიმართლე რომ გაიგოს, არც თავის ახლობელს დაინდობს და არც ბეჟუაშვილს“, _ ამბობენ პოლიტიკურ კულუარებში.
ზოგადად, ენას ძვალი არ აქვს და ბევრის თქმა შეუძლია, მაგრამ იმ ინფორმაციებზე, რაც დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებით ღიად თუ ფარულად ვრცელდება, ვერ ვიტყვით, რომ თითიდან გამოწოვილია. ასე, მაგალითად, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არაერთხელ ითქვა, რომ ნაცმოძრაობა რევანშისთვის ემზადება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გვახსოვს ე.წ. საბურავების საქმე, როცა გაჩნდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გუნდი „ოცნების“ ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობის გეგმას ამუშავებდა და შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიებაც დაიწყეს. ამასთან, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ნაციონალების მიერ მოწყობილი არაერთი პროვოკაციისა და აქციის მოწმენიც გავხდით. ნებისმიერი ასეთი ქმედების ორგანიზებას, რასაკვირველია, ფინანსები სჭირდება. როგორც თავის დროზე, ახლაც სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ „კასსირად“ დავით ბეჟუაშვილი სახელდება, რასაც რამდენიმე წლის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერიც მოწმობს. ამ ფარულ ჩანაწერში, სადაც მიშა და გიგა ბოკერია ფიგურირებდნენ, სააკაშვილი პირდაპირ ახსენებს „ბეჟოს“ და ამბობს, რომ ის, ანუ ბეჟუაშვილი საქმის შესასრულებლად 160 ათასს დახარჯავს. თავის დროზე ამ საკითხზე ღია განცხადებები სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ გააკეთა და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, დაინტერესებულიყვნენ, თუ რა ფული ტრიალებდა ნაციონალურ მოძრაობაში და სად მიდიოდა ქვეყანაში შემოსული შავი კაპიტალი.
„დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილს ბეჟუაშვილი ბნელი საქმეების შესასრულებლად ფინანსურად დღესაც ეხმარება. გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებშიც იკვეთება მნიშვნელოვანი დეტალი: სააკაშვილი ბოკერიას ჰპირდება, რომ ფინანსურად „ბეჟო“ დაეხმარება და საქმის ეფექტურად შესასრულებლად მას 160-ს გადასცემს. ცალსახაა, რომ სააკაშვილი ბეჟუაშვილზე მიუთითებს. კეზერაშვილთან ერთად, დავით და გელა ბეჟუაშვილები ნაცმოძრაობის დამფინანსებლები იყვნენ“, _ განაცხადა 2015 წელს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ვახტანგ მაისაიამ, მაგრამ ეს საქმე ალბათ იმიტომ ჩაიფარცხა, რომ დავით ბეჟუაშვილმა „კრიშა“ „ოცნებაშიც“ მოძებნა.
თეთრიწყაროს ყოფილი დეპუტატისა და „ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლების ფარულ კავშირებზე ქართულ მედიაში ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, ,,ვერსიამ” სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია:
„სამთავრობო კულუარებში ბევრს საუბრობენ, რომ მას შემდეგ, რაც დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ხელისუფლებაში ყველა პრობლემა „მოაგვარა“. როგორც ჩანს, ეს მოარული ხმები არც ისე უსაფუძვლოა, რადგან ორიოდე წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლითაც საქართველოდან ელექტროენერგიის თურქეთში ტრანზიტს, სწორედ ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია ახორციელებს. „ინტერ რაოს“ ოფიციალური ინფორმაციით, თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველო-თურქეთს შორის ,,ბორჩხა-ახალციხის“ ურთიერთდამაკავშირებელი, 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, საქართველოდან ამ ტრანზიტში დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია მონაწილეობს. იმის გამო, რომ ფაქტობრივად, ეს ელექტროენერგიის რეექსპორტია, ტენდერი ვერ ჩატარდებოდა. სამაგიეროდ, 2014 წლის 3 ნოემბრიდან სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იმპორტიორად დაარეგისტრირა. წყარო გვიამბობს, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად სწორედ ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ _ ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია გამოცხადდა… წყაროს ინფორმაციით, 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გატარების საფასურად, ამ კომპანიას 1 ცენტიც რომ დარჩეს, 1 წლის განმავლობაში ეს, დაახლოებით, 25 000 000 აშშ დოლარი გამოდის, რაც ბეჟუაშვილის კუთვნილ კომპანიას მოგების სახით რჩება. წყარო გვიამბობს, რომ წელიწადში საშუალოდ, 2 მილიარდი კილოვატსაათია, ამიტომ გამორიცხული არ არის, ამ კომპანიის მოგება 25 000 000 დოლარს აჭარბებდეს“.
ერთი სიტყვით, „ოცნება“, რომელიც ხალხს ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სამართლიანობას აღადგენდა, რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავს და სააკაშვილის „კასსირ“ ბეჟუაშვილს მწვანე შუქს უნთებს, რომ მილიონების შოვნა გააგრძელოს და ეს მაშინ, როცა თეთრიწყაროს ყოფილი დეპუტატი, რომელიც არაოფიციალური მილიარდერია, ფარულად, თურმე, ისევ სააკაშვილის დავალებებს ასრულებს. ისე, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, დავით ბეჟუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე უტყვი დეპუტატი გახლდათ, ანუ ის არათუ ჟურნალისტებს ეკონტაქტებოდა, არამედ საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ არ დადიოდა _ როგორც ჩანს, მას დეპუტატის სტატუსი ხალხის დასახმარებლად კი არა, საკუთარი ბიზნესისა და ფინანსური გავლენების ლობირებისთვის სჭირდებოდა. სხვათა შორის, ფინანსურ გავლენებზე დავით ბეჟუაშვილს კითხვა 2000 წელს ჟურნალისტმაც დაუსვა, რაზეც მან უპასუხა, ფინანსური გავლენა პრობლემა არ არის, რადგან „საქართველოში არ არის იმდენი ბიზნესმენი, იმდენი ფინანსები”, რომ ვიღაცამ სერიოზული კონკურენცია გაგიწიოსო. ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, როცა თავად პრეზიდენტი სააკაშვილი მფარველობდა, რა გასაკვირია, რომ დავით ბეჟუაშვილს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობას, ამას არც თავად დავით ბეჟუაშვილი უარყოფს და 2000 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „მიშა ჩემს ძმასთან სწავლობდა კიევში, მისი მეგობარია…“
სააკაშვილისა და ბეჟუაშვილების მეგობრობა, როგორც ამბობენ, საქმიან პარტნიორობაშიც გადაიზარდა. კერძოდ, საუბარია იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან ერთად, იარაღის უკანონო ბიზნესში თითქოს დავით ბეჟუაშვილის ძმაც არის გარეული, რაც არარეალური შესაძლოა, სულაც არ იყოს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი, „ვარდების რევოლუციამდე“ დავითის ძმა, გელა ბეჟუაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გახდა. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ იარაღის უკანონო ვაჭრობის სქემებში სწორედ უკრაინული კომპანიები იყვნენ ჩარეულები, ანუ „ოცნებამ“ პოლიტიკური ნება რომ გამოიჩინოს და იარაღის ბიზნესი გამოიძიოს, „მაგარ შარში“ სააკაშვილთან ერთად, ბეჟუაშვილებიც გაეხვევიან. ზოგადად, იმასაც ამბობენ, რომ ბეჟუაშვილების ქონება „ვარდების რევოლუციის“ მერე ერთიორად გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2000 წელს დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული _ მას ბრალი დიდძალი თანხის მითვისებაში ედებოდა, ამასთან, როგორც დეპუტატს, ბიზნესში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა და პროკურატურამ პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის იმუნიტეტი მოეხსნა, მაგრამ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და, ცხადია, ალბათ, იმის გამო, რომ მას სერიოზული „კრიშა“ ჰყავდა სააკაშვილის სახით.
რაც შეეხება ქონებას, არაოფიციალური მონაცემებით, ბეჟუაშვილის ქონების საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღწევს. დავით ბეჟუაშვილის აღზევება 1998 წლიდან დაიწყო, როცა ძალიან იაფად და იოლად დაეუფლა სახელმწიფო კომპანია „საქტრანსგაზმრეწვის“ რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად შეფასებულ ქონებას. მათ შორის, გაზის გამანაწილებელ ქსელსა და მილსადენს, რომლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება საქართველოსა და სომხეთში ხორციელდებოდა. ეს სახელმწიფო კომპანია კი ხელში მიხეილ სააკაშვილის მფარველობის შედეგად ჩაიგდო _ 1998 წელს, სააკაშვილი ფრაქცია ,,მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე იყო. ბეჟუაშვილის სახელთან ასოცირდება ჰოლდინგი ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელიც ათამდე თბო და ჰიდროელექტროსადგურს, ასევე, „საქნახშირს“, ,,ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას“, ,,ქართული ლუდის კომპანიას“ და უძრავი ქონების კომპანია ,,ტიფლის სითის“ აერთიანებს. ბეჟუაშვილი სერიოზულ წილს ფლობს საქართველოს ცემენტის, კირის, ღორღის, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და ალკოჰოლური სასმელის ბიზნესებში. ამასთან ბეჟუაშვილთანაა დაკავშირებული კომპანია „გლობალტრანსი“, რომელმაც ბოლო წლებში ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, რომელიც დავით ბეჟუაშვილს 2015 წლის 11 ივნისს აქვს შევსებული, მის საკუთრებაშია კიევში მდებარე 70 კვ.მ ფართობის და მოსკოვში მდებარე 180 კვ.მ ფართობის ბინები, ასევე, მანგლისში მდებარე 792 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: რატომ არ დგება დავით ბეჟუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი? როგორც ჩანს, მოარული ხმები იმის შესახებ, რომ მას „კრიშა“ „ოცნებაში“ ჰყავს, რეალურია, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ დავით ბეჟუაშვილი, როგორც ამბობენ, ორმაგ თამაშს თამაშობს, ანუ თავის „ბოსთან“, სააკაშვილთან ურთიერთობას არ წყვეტს, მის ქართულ ვნებებს ფინანსურად უზრუნველყოფს და საჭიროების შემთხვევაში, „ოცნებას“ ძირსაც გამოუთხრის!
www.marshalpress.ge