საქართველო ფარული საგანძურია, თქვენს ქვეყანაზე მხოლოდ დადებითი მაქვს წაკითხული. ჩვენი რეგიონიდან საქართველოს სანახავად ჩასული ადამიანები მხოლოდ კარგს ჰყვებიან, ძალიან ლამაზი პეიზაჟები გაქვთ. დიდი ერი, გემრიელი საკვები და შთამბეჭდავი ისტორია გაქვთ. გაქვთ ასევე შესანიშნავი სანაპირო, – განაცხადა „ემაარ“ ჯგუფის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„საქართველოსთან დაკავშირებით კარგი მოლოდინებია, ყველა მაჩვენებელიც დადებითია. დიდი პატივია და პრივილეგია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, ვაკეთო ბიზნესი, ვაწარმოო ეკონომიკური საქმიანობა და ჩავდო ინვესტიციები საქართველოში. ეკონომიკური გარემო და მთავრობის მიერ წარმოებული ეკონომიკური აქტივობების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა – ჩვენთვის, ყველასათვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდაა“, – აღნიშნა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.
„ემაარ“ ჯგუფის დამფუძნებელმა მისი კომპანიის მუშაობის პრინციპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც მისი კომპანიები მსხვილი პროექტებით შედიან, მათთვის პრიორიტეტი ყველა დონეზე ადგილობრივ პროფესიონალებთან თანამშრომლობაა, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას ნიშნავს.
„როდესაც ვიწყებთ პროექტს, ეს მხოლოდ მშენებლობა არ არის. ჩვენ არა მარტო ვაშენებთ, არამედ ვავითარებთ, ვუვლით, ყურადღებას ვაქცევთ მცენარეებს, ჩიტებს, ქუჩებს, ადამიანებს. ყველაფერს ვუვლით, იქნება ეს სავარჯიშო დარბაზები თუ ბავშვთა გასართობი მოედნები. ყველაფერს სწორედ ამ გზით ვსწავლობთ, თუ რა შეიძლება გავაუმჯობესოთ. საქართველოში 30 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გამოვიყენებთ.
თუ თვალს გადავავლებთ ყველა იმ სახელმწიფოს, სადაც ვმუშაობთ, თითქმის ყველგან ჩვენი თანამშრომლები ადგილობრივი არიან. იქნება ეს სერბეთი, ალბანეთი, ლატვია, მაროკო თუ ეგვიპტე, ინდოეთი თუ საუდის არაბეთი, თუ უნგრეთი. ჩვენ უკვე ავიყვანეთ ადგილობრივი ინჟინრები, გვსურს ადგილობრივ არქიტექტორებთანაც თანამშრომლობა. ეს დიდი პროექტია, ადგილობრივებს კი ადარდებს საკუთარი ქვეყანა, ამიტომ ისინი უკეთ შეასრულებენ სამუშაოს“, – დასძინა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.