კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკ-ის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის მესამე საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
„საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, 2024 წელს დაიწყო და 2027 წლის ჩათვლით, ექვსი მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს. სტრატეგიის მიზანია, ერთობლივ ფორმატში – ეროვნულ დონეზე, მომხმარებლის ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესების თანაბრად და ეფექტიანად დაცვა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი გარანტიების შექმნა მოქალაქეებისთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, რადგან მათი უფლებები იყოს უფრო მეტად დაცული და გარანტირებული.
საერთაშორისო მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, 2024 წელს, World Bank Group-ის და ICPEN-ის ჯილდო, რომელიც სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის გადმოეცა. საქართველო – მომხმარებლების განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მათი ინტერესების გადაწყვეტის ნომინაციაში მოწინავე ქვეყნების აღმასრულებელი უწყებების სამეულში გამარჯვებულად დასახელდა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, 2024 წელს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში ფიქსირდება წინსვლა და შესრულებულია ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდე გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს, “ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა. ამავე წელს, ჩვენმა უწყებამ გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი პროექტი დაიწყო. სამუშაო შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საზოგადოების ცნობიერების გაძლიერების მიმართულებით, მომხმარებლის უფლებების დეპარტამენტის მიერ გზამკვლევი დოკუმენტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის რიგ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს და აქტივობებს მოიცავს. საგანმანათლებლო სექტორში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები აქტიურ ფორმატში მიმდინარეობს და უკვე ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. ასევე, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის და ბაზრის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შეიქმნა საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების სახელმძღვანელო, რომელიც დღეს ჩვენს ღონისძიებაზე, სხვა დოკუმენტებთან ერთად, არის წარმოდგენილი.
მესამე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და ამოცანა მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერება, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინკლუზიური გარემოს ფორმირება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი უწყების წარმომდგენლებს გაწეული საქმიანობისთვის. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მოგვმართა, რადგანაც ჩვენ მიერ დადგენილი სტანდარტები, მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ თქვენი აქტიურობის შედეგია. მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩართულობისთვის ექვსივე მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელს. სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო კოლეგებს, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ღონისძიების გახსნაზე.
მისივე განცხადებით, 2024 წელს, მომხმარებლის სასარგებლოდ, დაახლოებით, 600 000 ლარზე მეტი ანაზღაურდა. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობის მაჩვენებელი გაორმაგებულია, ხოლო საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.
კვირეულის გახსნითი ღონისძიება სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებმა მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს – ახალქალაქში, 14 მარტს – ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში.