უკვე სათვალავი ამერია, ოპოზიციის მხრიდან ფანჩატურის მერამდენე სერიას ვხედავთ. ცდილობენ, ფანჩატურის „აფდეითი“ გააკეთონ, მაგრამ „დაუნლოუდი“ გამოსდით ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნაცაგენტურის წარმომადგენლები დავალების შესაბამისად მოქმედებას ცდილობენ.
„ფანჩატური მე-2, მე-3 და 37-ე, ერთი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ხოლმე, ნაცაგენტურის წარმომადგენლები დასხდებიან, იკამათებენ და ვითომ რაღაც აქტივობას ეწევიან, ვიდრე ახალ დავალებას მიიღებენ. როცა დავალებას მიიღებენ, ეს ადამიანები ერთ რიგად ჩაეწერებიან და დავალების შესრულებას ცდილობენ. როცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ ხოლმე, ისევ ფანჩატურის ახალი ვარიანტი აქვთ და თითქოს ახალ კონსულტაციებს იწყებენ. ახლა დავალების მოსვლის შუა პერიოდს ვხედავთ, როცა „ნაცმოძრაობის“ კლასტერი ცდილობს, თავიანთი აქტიურობა რამენაირად ქართველ ხალხს შეასაღოს“, – აღნიშნა გორდულაძემ.