რიშსა და შაჰინს საქართველო ეზიზღებათ. ამ ზიზღის ფონზე სხვადასხვა აქტს აინიცირებენ და ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას ხელს უწყობენ, რომ შემდეგ ისევ ამ აქტზე ისაუბრონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ წარდგენილ „მეგობარს აქტს“ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
„ამ აქტს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ძმაკაცობის, ნათესაობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ასეთი აქტი ინიცირებული იქნება ისეთი ადამიანების მიერ, როგორებიც რიში და შაჰინი არიან, რომლებსაც საქართველო ეზიზღებათ. ამ ზიზღის ფონზე სხვადასხვა აქტს აინიცირებენ და ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას ხელს უწყობენ, რომ შემდეგ ისევ ამ აქტზე ისაუბრონ, თითქოს რაიმე ხდება და კატასტროფული მოვლენებია. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ღიმილის მომგვრელიც კი არ არის ასეთი აქტების მიღება. პირიქით, ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა ექვსჯერ რომ მიიღო რეზოლუცია, სადაც, პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოს სანქცირებას ითხოვენ, იმ ფურცლის ფასიც კი არ აქვს, რომელზეც ის დაბეჭდილია. ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ჩვენ მიმართ ასეთ შანტაჟს არანაირი აზრი არ აქვს – ჯობს, დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ და თავიანთ საქმეს მიხედონ“, – განაცხადა გორდულაძემ.