Raisina Dialogue არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს პოზიციები საჯაროდ და ხმამაღლა იყოს გაჟღერებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში განაცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ბოჭორიშვილის თქმით, ფორუმში მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
“ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორუმი, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებსა და გლობალურ გამოწვევებზე სასაუბროდ”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
Raisina Dialogue არის Observer Research Foundation-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ნიუ დელიში.
ნიუ დელიში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ტულსი გაბარდიც.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი სიტყვით გამოვა კავკასიის რეგიონის, გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებისა და ეკონომიკური ტენდენციების თემებზე გამართულ პანელურ დისკუსიებში; ასევე, გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან და კონფერენციაში მონაწილე სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან. კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერები, დიპლომატები, ბიზნესლიდერები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები განხილავენ გეოპოლიტიკური დინამიკის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების, ეკონომიკური ტენდენციების საკითხებს და მრავალმხრივ თანამშრომლობას ამ მიმართულებებით.