უამრავი პროექტი, რომლებიც შეიძლება, განხორციელდეს ან უკვე ხორციელდება საქართველოს ჩართულობით, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს პატარა რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილი ნიუ დელიში, საერთაშორისო კონფერენცია „რაიზინა დიალოგი 2025“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „შეჯიბრი და თანამშრომლობა – უსაფრთხო მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„შუა დერეფანი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვიხსნის და მისი განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მზად ვართ, ჩავდოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ეს პროექტები სთავაზობს საქართველოს. შავი ზღვა-კასპიის ზღვის ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობა, უამრავი პროექტი, რომლებიც შეიძლება, განხორციელდეს ან უკვე ხორციელდება საქართველოს ჩართულობით, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს პატარა რეგიონს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორები – მშვიდობა და უსაფრთხოება. მე ვსაუბრობ პატარა, მაგრამ ძალიან დინამიურ რეგიონზე – სამხრეთ კავკასიაზე. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა თავისი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას და ჩვენ გვიხარია, რომ მათ იპოვეს გზა მშვიდობისკენ და განაცხადეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. თუმცა, საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.