გლდანის გამგებელის, ბესო კალაძის განცხადებით, ე.წ. ტიტანიკის კორპუსი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ავარიულია და მოსახლეობის მიმართ წლების განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება ქირით გაყვანასთან დაკავშირებით.
ბესო კალაძის თქმით, ის ოჯახები, რომლებიც დღეს აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობენ, არ არიან თანახმა კორპუსის დატოვებაზე.
ამასთან, ბესო კალაძე განმარტავს, რომ ბავშვები, რომლებიც სკეიტბორდით იმყოფებოდნენ ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, ამ კორპუსში არ ცხოვრობენ.
„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა გარდაცვლილი მოზარდის გამო, ეს ნამდვილად დიდი ტრაგედიაა. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს. შემთხვევა მოხდა ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, ე.წ. ტიტანიკის კორპუსში. მოგეხსენებათ, ეს კორპუსი ავარიულია, შესაბამისი კატეგორია აქვს მონიჭებული. წლების განმავლობაში, როგორც წინა გამგებლებს, მათ შორის მეც მოსახლეობასთან გვქონდა კომუნიკაცია. ჩვენი მხრიდან წლების განმავლობაში არაერთგზის გაკეთებულა შეთავაზება ქირასთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა მცხოვრებმა ინტერვიუში თქვა, რომ გამგეობის, მერიის მხრიდან არ ყოფილა რეაგირება და შეთავაზება. ზუსტად იმ ქალბატონთან მაქვს გაგზავნილი წერილი, თავად მისი ხელმოწერილია, რომ ეს წერილი ჩაიბარა, სადაც ჩვენ მას ქირით გაყვანას ვთავაზობთ, მაგრამ მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი მომართვა ქირავნობასთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, გამგეობა წლების განმავლობაში ამ ადამიანებს სთავაზობს ქირით უზრუნველყოფას, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ფაქტობრივად, ვინც დღეს იქ ცხოვრობს, არცერთი ოჯახი არ არის თანახმა, დატოვოს აღნიშნული კორპუსი. მოგეხსენებათ, მერიას აქვს კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა. ჩემი ინფორმაციით, ოთხი თუ ხუთი ოჯახია, ვინც ხელს არ აწერს, რომ ამ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. პროგრამა რომ განხორციელდეს, საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. სამწუხაროდ, 100%-იანი თანხმობა ამ მოსახლეობისგან არ არის. მათ შორის, ვინც დღეს ყველაზე მეტად აქტიურობდა ინტერვიუში, ამ ქალბატონს თანხმობაზე არ აქვს ხელი მოწერილი. მინდა, აღვნიშნო, რომ იქ მყოფი არცერთი ბავშვი არ იყო ამ კორპუსში მცხოვრები. ისინი სკეიტბორდებით იმყოფებოდნენ სახურავზე. ამ სივრცეში ცხოვრობენ ადამიანები, ოჯახები და ოჯახს ვერ დაულუქავ კარს. ეს კერძო საკუთრებაა. ძალით სახლიდან ვერავის გამოვიყვანთ. იქ ლენტიც გაკეთებულია, სხვადასხვა წინაღობაც იყო გაკეთებული, კიბეც არ არის ამ სადარბაზოში შესასვლელი“, – განაცხადა ბესო კალაძემ.