აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მეინის შტატს, ქალთა სპორტში ტრანსგენდერების დაშვების გამო, სასამართლოში უჩივის. სამოქალაქო სარჩელის შეტანის შესახებ განცხადება, ამერიკის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გააკეთა.
ბონდი განმარტავს, რომ გოგონათა და ქალთა სპორტში ბიოლოგიური მამაკაცების ასპარეზობით ირღვევა ფედერალური კანონი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ.
„ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს სამოქალაქო სარჩელი შეაქვს მეინის შტატის განათლების დეპარტამენტის წინააღმდეგ. მეინის შტატი ეწევა ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციას, რადგან არ იცავს ქალებს ქალთა სპორტში. ეს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევაა. ჩვენ არ დავუშვებთ ქალთა დისკრიმინაციას. ეს ეხება არა მხოლოდ სპორტს, არამედ ახალგაზრდა ქალების პირად უსაფრთხოებას. მე ამ ქალებს პირადად შევხვდი, და რისი გადატანაც მათ უწევთ, საშინელებაა. მეინის შტატის პროკურორი ირწმუნება, რომ სკოლებს არანაირი რეგულაცია არ ზღუდავს, რომ ტრანსგენდერი ქალები და გოგები ქალთა სპორტში დაუშვან. ეს საჯარო უსაფრთხოების საკითხია, რადგან ისინი ბიჭებს და კაცებს აძლევენ უფლებას, რომ ქალთა გასახდელებში შევიდნენ და მათ წინაშე სრულად გაშიშვლდნენ“, – თქვა ბონდიმ.