უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლუკა კიევში, წითელ პარასკევს ლგბტ ფილმის ფესტივალის გახსნას გმობს. შესაბამისი ინფორმაცია ეკლესიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც მიტროპოლიტი ლუკა აღნიშნავს, წმინდა დღეების შებღალვა არ შეიძლება.
„წითელი პარასკევი არის დღე, როცა მთელი ქრისტიანული სამყარო ადამიანების ცოდვებისგან ხსნისთვის ჯვარზე გაკრულ მსხვერპლს, იესოს იხსენებს. აღდგომა – ეს არის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული, სინათლის, სიწმინდისა და სიცოცხლის დღესასწაული. ასეთი დღეების გამოყენება ქრისტიანული მორალისთვის მიუღებელი იდეოლოგიის პროპაგანდისთვის არის დიდი უპატივცემულობა არა მხოლოდ მორწმუნეების, არამედ ადამიანის სულიერი ბუნების მიმართ“, – ნათქვამია უკრაინელი მიტროპოლიტის განცხადებაში.
მისი აზრით, აღნიშნული ფესტივალი არის არა ცუდი ხუმრობა, არამედ ღია უმსგავსობა. მიტროპოლიტი სხვა კონფესიების წარმომადგენლებს ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, კინოფესტივალი, სახელწოდებით Sunny Bunny LGBT დღეს, წითელ პარასკევს გაიხსნება. ის გაგრძელდება შაბათსაც და კვირასაც, აგრეთვე ბრწყინვალე შვიდეულსაც. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია „გახდე უკრაინული და საერთაშორისო ლგბტ საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრი, პოლიტიკურ და სოციალურ წარმომადგენლობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება“.