ევროპის ქვეყნებმა აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავისი „წითელი ხაზები“ გააცნეს, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც დღეს ლონდონში უნდა გაიმართოს, იქნება შესაძლებლობა უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის, რათა კიდევ ერთხელ ისაუბრონ მოლოდინებსა და „წითელ ხაზებზე“.
„ერთადერთი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს, არის ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა, ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოება. ამიტომ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა შუამავლის როლის შესრულება გადაწყვიტა, ჩვენ მას ვაცნობთ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას, თუ რას არ დავთმობთ“, – თქვა ბარომ.
ცნობისთვის, ევროკავშირი მუდამ საუბრობს იმაზე, რომ არცერთი გადაწყვეტილება კიევის თანხმობის გარეშე მიღებული არ უნდა იყოს. უკრაინას სრული უფლება აქვს განსაზღვროს, რომელი პირობაა მისთვის მისაღები. ევროპა აგრეთვე რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაგრძელების მომხრეა, რათა მას ომის დასრულება აიძულოს.