ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი დაიხურა.
ამის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარე საჯარო რეჟიმში საქმის განხილვას დაუშვებლად მიიჩნევდა. განსხვავებით დაცვის მხარისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ პროკურატურის შუამდგომლობა საზოგადოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საბოლოოდ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
შუამდგომლობის საფუძველი გახდა პროცესში მონაწილე პირების მიმართ გამოყენებული დაცვის რეჯიმი, უსაფრთხოების ფაქტორი და გარკვეული პირების პერსონალური, პირადი ინფორმაციის არსებობა.
გარდა ამისა, ბრალდების მხარის მტკიცებით, სხდომის საჯაროობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ცალკე წარმოებად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და სავარაუდო თანამზრახველების დადგენას.
ამასთან, პროკურორის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საჯაროდ განხილვით შესაძლოა ზიანი მიადგეს მორწმუნე ადამიანების რელიგიურ გრძნობებს, აზარალოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ეროვნული უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების ინტერესები.
დაცვის მხარე კი მიიჩნევდა, რომ სხდომის გასაჯაროება არანაირ საფრთხეს არ უკავშირდება.
ადვოკატ მიხელ რამიშვილის თქმით პროკურატურამ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობილი შუამდგომლობის ნაცვლად, პოლიტიკური განცხადება გააკეთა.