აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტებმა ნიუ-იორკში, მარბლ ჰილის უბანში ავტომობილში მყოფ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს. მანქანაში ხუთი წლის ბავშვიც იმყოფებოდა, იუწყება Reuters-ი ქალაქის მერზე ზოჰრან მამდანიზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის ფედერალურმა საიმიგრაციო აგენტებმა სულ მცირე 21 ადამიანს ესროლეს, მათგან შვიდი დაიღუპა. შემთხვევებმა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დეპორტაციების მასშტაბის გაზრდამ ძალადობრივი დაპირისპირებების რაოდენობა გაზარდა. ისინი ადმინისტრაციას ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ საიმიგრაციო აგენტების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ხელს უშლის.
ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში მყოფი მიგრანტების დიდი ნაწილი უნდა გააძევონ. ის მათ ხშირად ფინანსურ თაღლითობასა და ძალადობრივ დანაშაულებში სდებს ბრალს.
„თავდაპირველი ინფორმაციით, აგენტებმა ავტომობილში მყოფ მამაკაცსა და ხუთი წლის ბავშვს ალყა შემოარტყეს, შემდეგ კი რამდენჯერმე გაისროლეს“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ.
მერის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივან მარკვეინ მალინს, რათა ICE-ის აგენტების მიერ დაჭრილი მამაკაცის გათავისუფლების საკითხი მოეგვარებინა, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
მამდანიმ ტრამპის ადმინისტრაციას ნიუ-იორკში ICE-ის მიერ საიმიგრაციო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ეს ქმედებები ქალაქს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის. ქალაქს არ სურს ICE. გვინდა, რომ ICE წავიდეს ჩვენი ქალაქიდან, სკოლებიდან, საავადმყოფოებიდან და ქუჩებიდან, ბავშვებს ჩამოშორდეს“, – განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, ავტომობილში მყოფი ბავშვი არ დაშავებულა. ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა ჯესიკა ტიშმა აღნიშნა, რომ პოლიციამ ბავშვის მდგომარეობა გადაამოწმა და ის ამჟამად ოჯახის წევრებთან იმყოფება.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის, რომლის დაქვემდებარებაშიც ICE შედის, განცხადებით, სამსახურის თანამშრომლები ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონში მიზნობრივ საიმიგრაციო ოპერაციას ატარებდნენ. მათი მიზანი დომინიკის რესპუბლიკის მოქალაქის დაკავება იყო, რომელსაც წარსულში ნასამართლობა ჰქონდა.
ჯესიკა ტიშის ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცი ნიუ-იორკში 2023 და 2025 წლებში ორჯერ იყო დაკავებული.
„ინციდენტის დროს ICE-ის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და კრიმინალური წარსულის მქონე არალეგალი მიგრანტი დაიჭრა“, – ნათქვამია შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების ცნობით, ICE-ის თანამშრომლებმა მამაკაცს დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება. ის ცოცხალია და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
