სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის აზრით, მოსკოში ვიზიტის გამო მისი ქვეყნის ევროპულ გზას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ვუჩიჩმა წითელი მოედნიდან გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.
„მე აქ ვარ, რათა ვიბრძოლო ჩემი ხალხისა და ქვეყნისთვის. აბსოლუტურად არ მაღელვებს, რას იფიქრებს ან იტყვის ვინმე სხვა მსოფლიოში. მე ამირჩია სერბმა ხალხმა, ამირჩეს სერბეთის მოქალაქეებმა. მე არ მირჩევენ არც რიგაში, არც ტალინში, არც ვილნიუსში, არც სადმე სხვაგან“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
მან მადლობა გადაუხადა რუსეთს იმისთვის, რომ არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, აგრეთვე განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია პუტინსა და სი ძინ პინთან შეხვედრა.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპელებთან ის ღიად აცხადებდა თავის გეგმებს მოსკოვში 9 მაისს ჩასვლის შესახებ.
„პირობა მივეცი პრეზიდენტ პუტინს, მაგრამ არასდროს მომიტყუებია ჩემი აქ ვიზიტის შესახებ. რაც შეეხება ევროკავშირს – დარწმუნებული ვარ, რომ სერბეთი დარჩება ევროპულ გზაზე. თუ მათ სურთ ვინმეს დასჯა, დამსაჯონ მე“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის პრეზიდენტი მოსკოვს ეწვია. ის 9 მაისს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება. მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ მოსკოვში ზეიმში მონაწილეობა მიუღებელია, როცა რუსეთი ევროპაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა გააფრთხილეს ვუჩიჩი, რომ მოსკოვში ვიზიტი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.