საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ქალაქ თელავში ცენტრალურ მოედანზე მასპინძლობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თელავში ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა.
„26 მაისი არის გამორჩეული დღე ჩვენი ერისთვის. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. თავისუფლების, დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ყოველწუთიერად, ყოველწამიერად სჭირდება ბრძოლა. დამოუკიდებლობის, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი არის ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე. დღევანდელ დღეს ჩვენი სამინისტროს ფარგლებში წარმოდგენილი ვართ თელავში, ახალციხესა და ქუთაისში.
თელავში, ცენტრალურ მოედანზე ჩვენს მოქალაქეებს სოფლის განვითარების სააგენტო მასპინძლობს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებულ პროდუქციას, ადგილზე ნახონ, რა მხარდაჭერას ვთავაზობთ და რა შესაძლებლობები არსებობს სამინისტროს პროგრამების ფარგლებში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებულ პროდუქციას, ეწყობა ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ტარდება კახური ტრადიციული კერძების კულინარიული მასტერკლასი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოწყობილია ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე, კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა; იმართება საბავშვო სპექტაკლი; გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა;
სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად, მოწყობილია ფოტოზონა; საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელს დახვდება უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლების გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნება.
ღონისძიება დასრულდება საზეიმო კონცერტით.