ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლის რეაბილიტაცია 2025 წლის სექტემბრისთვის დასრულდება, რის შემდეგაც შენობაში ფუნქციონირებას გააგრძელებს სახელმწიფო კამერული გუნდი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი და ანსამბლი „ბასიანი“.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი მოდებაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი, ფონდის დირექტორი ნანა გოთუა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე ადგილზე გაეცნენ.
გ. ჩუბინაშვილის ქ. №49-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან საგანმანათლებლო დანიშნულების იყო. ბოლო დრომდე შენობაში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი ფუნქციონირებდა. შენობის ნაწილში განთავსებული იყო ანსამბლი „ბასიანი“, „ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძრის სამგალობლო სკოლა“ და „გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო უმაღლესი სასწავლებელი“.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის დეკემბერში დაიწყო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ძეგლის დაზიანების სიმძიმე მეოთხე დონედ შეფასდა, რის გამოც შეუძლებელი გახდა მისი ძველი ფორმით შენარჩუნება. ნაგებობა სრულად დაიშალა და საძირკვლიდან დაიწყო აღდგენა.