ლაშა თორდიას სახლში, რამდენიმე წუთის წინ გამომძიებლები მივიდნენ.
სახლში თორდიას დაკითხვა გრძელდება, რომელიც გუშინ საავადმყოფოში დაიწყო და რომელიც გენერალური აუდიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში თავს დაესხნენ. როგორც თავად აცხადებს, მას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი. კურიერის ინფორმაციით, მეორე პირი, რომელიც ლაშა თორდიას თავს დაესხა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი მიხეილ ჩოხელია.
თავად ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, უარყოფს, რომ ლაშა თორდიას თავს დაესხა. მისი თქმით, ძალადობის მაპროვოცირებელი თავად აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია იყო, რომელიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის საპასუხოდ ლაშა თორდიამ ყოფილ პროკურორს ნარკოლოგიური ტესტის ჩატარების ინიციატივით მიმართა.