დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა – ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს სწორედ ასეთი პროექტის „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, 2 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელება არის მკაფიო განაცხადი, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და უზრუნველყოფილია მშვიდობა.
„ეს პროექტი ასევე ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ და ცხადყოფს, რომ საქართველოში გრძელვადიანი, მსხვილი კაპიტალდაბანდება ერთი მხრივ, დაცული და მეორე მხრივ, პერსპექტიულია. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე რეზიდენციები 21 ჰექტარზე გაშენებული ახალი უბნის ნაწილია. ამ სივრცის 75 პროცენტი დაეთმობა პარკებს, გამწვანებასა და რეკრეაციას, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ მასშტაბურ პროექტს. „არქი გრანდ ავენიუ“ ითვალისწინებს ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას.
აქ აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურული და გასართობი ინფრასტრუქტურა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სატრანსპორტო გვირაბი, რომელიც ამ ტერიტორიას პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი უზრუნველყოფს ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, გაძლიერებულ ეკონომიკას და ჩვენი დედაქალაქი გადავა განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან, ძალიან საინტერესო ეტაპზე. მსგავსი პროექტებით შენდება თანამედროვე თბილისი, რომელიც ინარჩუნებს თავის გამორჩეულ იერსახეს და ვითარდება მომავლის ხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელ ილია წულაიას და ინვესტორებს, არქიტექტორებსა და მშენებლებს პროექტის წარმატებით განხორციელება უსურვა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.
პროექტის დეტალებზე ისაუბრეს „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ და „ვინდჰემის“ სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ფრენჩაიზის ოპერაციების დირექტორმა დევიდ გესტომ.
გაიმართა სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ბიზნესის, საერთაშორისო არქიტექტურული და საკონსულტაციო ჯგუფების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და უზრუნველყოფილია მშვიდობა” (ფოტოები)
09.10.2026 00:17:16
კომენტარები
ნანახია: 6 ჯერ
