საქართველოს კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს”მხარდაჭერით საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა „ზაფხულის მუსიკალური საღამოების“ საკონცერტო ტურნე, რომელიც გაიხსნა 4 აგვისტოს ქალაქ მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაგრძელდა 13 აგვისტოს ლაგოდეხში, კულტურისა და დასვენების პარკში, რანის მოედანზე, 14 აგვისტოს ქალაქ ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში და საზეიმოდ დასრულდა 15 აგვისტოს ქობულეთის ცენტრალურ პარკში. ტურისტულად აქტიურ და დატვირთულ პერიოდში, ტურისტულად სტრატეგიულ ქალაქებში, ღია ცის ქვეშ, ცენტრალურ ლოკაციებზე თავისუფალი დასწრების ფორმატში, კონცერტები ცოცხალი შესრულებით, მსმენელთა დიდი აუდიტორიის წინაშე გაიმართა. კონცერტებში მონაწილეობდნენ: ჯგუფი „ბანი“ სრული პროგრამით, თამთა ჭელიძე, მასტერი, ქეთი გომართელი, თემო საჯაია, სალომე ბაკურაძე და თამარ მეჭიაური. რეპერტუარი დაკომპლექტებული იყო ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჰიტებით.
კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, ქალაქის სტუმრები და ტურისტები მრავლად ესწრებოდნენ. გაჟღერდა ცნობილი ჰიტები და საქართველოსთვის ავთენტური და დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი ფოლკლორის , ეთნო ფოლკის მსოფლიოში სახელგანთქმული ვერსიები. ტურნეს მიმდინარეობისას სოციალურ ქსელებში დაიდო ათასობით ფოტო და ვიდეო მასალა, ლაივ ტრანსლაცია და სატელევიზიო სიუჟეტი. აგვისტოს თვეში საქართველოს ამ 4 ქალაქში კულტურული ღონისძიებებით საინტერესო და მრავალფეროვანი მუსიკალური გარემო შეიქმნა.