საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურიის მოსახლეობას ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მიულოცა.
”გურიას და გურიის სტუმრებს ფერისცვალება და ბახმარობის დღესასწაული მივულოცე.
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბახმაროში სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დავესწარი, რომლებიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება.
ბახმაროს პარკში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა დავათვალიერე.
როგორც აღვნიშნე, ბახმარო გამორჩეულია განსაკუთრებული სილამაზით, რაც ამ რეგიონს – გურიას ახასიათებს. გურია ყოველ ჯერზე გვაოცებს თავისი სილამაზით და განსაკუთრებული ბუნებით, მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ხალხია, რომელიც ამ ულამაზეს რეგიონში ცხოვრობს.
ასევე განვაცხადე, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს გურია, ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ გურულები და ყველაფერს გავაკეთებთ ამ რეგიონისთვის. მართლაც საოცარი, არაჩვეულებრივად თბილი ხალხია გურულები. მათ განსაკუთრებულად იციან სამშობლოს ფასი, სიკეთის ფასი. ყველა გურულს კიდევ ერთხელ განსაკუთრებულად მივულოცე დღევანდელი დღე.
მოსახლეობას ფერისცვალების და ბახმარობის დღესასწაული ასევე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ. ბახმარობასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები კი კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.”