საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2025 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კურსდამთავრებულების 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყება. სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი www.hr.gov.ge -ის მეშვეობით პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.
პროგრამის პირობების თანახმად, ეკონომიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებით: სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა, გეოლოგია/კარტოგრაფია ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები, მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი, ენერგეტიკა, ფინანსები/აუდიტი, საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო მმართველობა, ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები, კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ტრანსპორტი/ლოგისტიკა, საზღვაო, ტურიზმი, პროგრამირება/IT მიმართულება და ა.შ.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.
ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წელსაც განხორციელდა.