ნიუ იორკში ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.
„ბიბისის“ ცნობით, სატრანსპორტო საშუალება ნიაგარის ჩანჩქერიდან ნიუ იორკისკენ მიმავალ გზაზე, ჯენესის ოლქში გადაბრუნდა.
შტატის პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც 54 მგზავრი იმყოფებოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა და გადაბრუნდა. მგზავრების ნაწილი ავტობუსიდან გადმოვარდა, სხვები კი გადატრიალებულ
ავტობუსში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ბლოკირებულები.
24 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორს ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე მგზავრი ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა, ასევე მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ვერსიები გამორიცხულია და მძღოლს ბრალდება არ წარედგინება.
ავტობუსში იმყოფებოდნენ მგზავრები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ფილიპინებიდან და აშშ-დან.
ტურისტული კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს.
აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ კატასტროფის მიზეზების გამოსაკვლევად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გააგზავნა.