მინდა, საქართველოს პრეზიდენტს გადავუხადო მადლობა ძალიან ღირსეული გამოსვლისთვის – საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის საკვანძო ეროვნულ ინტერესებზე და ეს ინტერესები იყო სათანადოდ წარმოდგენილი ბატონი მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას, ის არის ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი და მასთან პოლემიკა არ იქნებოდა სწორი.
„რაც შეეხება წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლას, მე არ მინდა, აქ რაიმე კომენტარი გავაკეთო. თქვენც ძალიან კარგად იცით, რა მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, არამარტო ომთან დაკავშირებით, ეკონომიკასთან დაკავშირებით, არამედ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ასეთ დროს, როდესაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელი იცლის საქართველოზე საუბრისთვის, ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თუმცა მე არ მინდა, მასთან შევიდე პოლემიკაში, ის არის ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელი, შესაბამისად, მასთან პოლემიკა არ მგონია მე სწორი,“- განაცხადა პრემიერმა.