იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის კვირეულის ფარგლებში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე რეფორმის მიმდინარე ანგარიში წარადგინა.
საჯარო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის განვითარების კომპონენტებზე სამომავლო ხედვები დასახა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ სააგენტოს მიერ შექმნილი პირველი მულტიფუნქციური გეოპორტალის NSDI.GOV.GE პრეზენტაცია გამართა.
„გეოპორტალზე სივრცითი მონაცემების მწარმოებელი სუბიექტები განათავსებენ და საჯაროდ ხელმისაწვდომს გახდიან საქართველოში არსებულ სივრცით მონაცემებს. მისი საშუალებით მოქალაქეები და ორგანიზაციები შეძლებენ ქვეყანაში არსებული სივრცითი ობიექტის ყველა მწარმოებლის ავთენტური მონაცემის გაცნობასა და ჩამოტვირთვას.
საჯარო რეესტრი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის რეფორმის კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებს მთელი კვირის განმავლობაში მართავდა.
შეხვედრების ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა ლუმენის უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად რეფორმის სხვადასხვა კომპონენტის განვითარებაზე იმსჯელეს და საერთაშორისო პრაქტიკა გაიზიარეს. პროცესში უცხოელი კოლეგების ჩართულობით ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურა თავსებადი იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განისაზღვრა კოორდინატორ უწყებად რაც სხვა ფუნქციებთან ერთად გულისხმობს მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნას.
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა (National Spatial Data Infrastructure – NSDI) წარმოადგენს კოორდინირებულ სისტემას, რომლის მთავარი მიზანია საჯარო უწყებების (სუბიექტების) მიერ შექმნილი სტანდარტული, ვალიდური და აქტუალური სივრცითი მონაცემების ეფექტური მართვა და მარტივი გაზიარება მრავალი მომხმარებლისთვის წვდომის საერთო წერტილის – ეროვნული გეოპორტალის საშუალებით“, – აცხადებენ საჯარო რეესტრის სააგენტოში.