EBRD-ს შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) ზრდის. ბანკმა ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ADB-ის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებაში ვკითხულობთ.
პროგნოზის გადახედვა განპირობებულია 2025 წლის პირველი ნახევრის მაღალი მაჩვენებლებით, რაც შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება.
ADB-ის ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ძლიერი ზრდა დააფიქსირა, რაც განპირობებული იყო მომსახურების, მრეწველობისა და მშენებლობის მნიშვნელოვანი გაფართოებით.
„საქართველოში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მშენებლობის სფეროში ძლიერმა მაჩვენებლებმა ზრდა განაპირობა, ისევე, როგორც ძლიერმა კერძო მოხმარებამ. ტურიზმიდან და ტრანსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ხელი შეუწყო საგარეო სექტორის გაფართოებას და საქართველოს, როგორც რეგიონში მთავარი სატრანზიტო მარშრუტისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის მზარდ როლს“, – აღნიშნულია ADB-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ADB-ს პროგნოზით 2025 წელს საქართველოში ინფლაცია 4%-ის დონეზე იქნება, რაც აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით შეცვლილი არ არის.
„ამასობაში, საქართველოში ინფლაცია ზომიერი დარჩა და 2025 და 2026 წლების პროგნოზები უცვლელია“, – განმარტავენ ADB-ში.
რაც შეეხება, რეგიონის მაჩვენებლებს, ADB-ის პროგნოზი შემდეგია:
სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს უცვლელი რჩება და ის ADB-მა 5%-ის დონეზე განსაზღვრა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4%-დან 2,4%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მეორე გაუმჯობესებაა – პირველად, 2024 წლის სექტემბრის პროგნოზი 4.6-დან 2025 წლის თებერვალში 6%-მდე ანუ +1.4%-ით გაზარდა. შესაბამისად, ჯამურად წლის ჭრილში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.4 პროცენტით გააუმჯობესა. ზრდა განპირობებული იყო საკრედიტო ექსპანსიით, IT და განათლების სექტორების და მომსახურების ექსპორტის ზრდით. 2024 წელს საშუალო 1.1%-ის შემდეგ, ინფლაცია 2025 წლის პირველ რვა თვეში 3.5%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს”, – წერს EBRD.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ძლიერი ზრდა დააფიქსირა, რაც განპირობებული იყო მომსახურების, მრეწველობისა და მშენებლობის მნიშვნელოვანი გაფართოებით.