“ბატონმა ბიძინამ ძალიან ვრცლად ისაუბრა და გააკეთა მინიშნებები, რა გამოწვევების წინაშე იდგა და ჯერ კიდევ დგას ქვეყანა, რა საფრთხეები არსებობს. შესაბამისად, ჩვენ, ქართველებს გვჭირდება სიფხიზლე, რადგან მტერი არ ისვენებს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს მთავრობას ყოველდღიური მუშაობა უწევს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ქვეყნის დამოუკიდებლობა.
“საქართველოსთან მიმართებით განცხადებები, რომელიც კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილსა და მუქარებზე არის დაფუძნებული, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენმა წინა თაობებმა ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება მოიპოვეს ბრძოლითა და სისხლით. დღეს ჩვენ ყოველდღიური მუშაობით, ჩვენი პოლიტიკით გვიწევს ბრძოლა, რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და მოპოვებული თავისუფლება, განვემტკიცოთ ქვეყნის სუვერენიტეტი,” – აღნიშნა კახა კალაძემ.