მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ამ შეხვედრას ესპანეთი დიდი დანაკლისით შეხვდა, ტრავმების გამო ვერ ითამაშეს ლამინე იამალმა, ნიკო უილიამსმა, როდრიმ, ფაბიან რუისმა, დინ ჰუისენმა, ფერმინ ლოპესმა და დანი კარვახალმა. თუმცა ევროპის მოქმედი ჩემპიონის თამაშს მათი არყოფნა დიდად არ დატყობია – ბურთს აკონტროლებდა, ხოლო საქართველოს ნაკრების შეტევას აგრესიული დაცვით კარგად უმკლავდებოდა.
ანგარიში პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გაიხსნა – გოლი პინომ გაიტანა. ოთხ წუთში მასპინძლებს სხვაობის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა ფერან ტორესის თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ბურთი გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. ესპანეთმა მეორე გოლი საჯარიმო დარტყმით 64-ე წუთზე გაიტანა. ეს ოიარსაბალმა გააკეთა. ხუთ წუთში კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სამი წამყვანი მოთამაშე მოედნიდან გაიყვანა – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კიტეიშვილი. მათ ნაცვლად თამაშში ჩაერთნენ ნიკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გვერნაძე. მწვრთნელმა სამი ლიდერი თურქეთთან მატჩისთვის დაასვენა, რადგან იმ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: ჩვენს ჯგუფში ოთხი გუნდია – ესპანეთი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველადგილოსანი გადის, ხოლო მეორე ადგილზე გასული მუნდიალის საგზურისთვის პლეი ოფში იბრძოლებს.
ესპანეთს სამი მოგება აქვს და მას პირველ ადგილს, ალბათ, ვეღარავინ შეეცილება, ხოლო მეორე ადგილისთვის საქართველო და თურქეთი იბრძვიან. თბილისში თურქეთმა 3:2 გაიმარჯვა, მეორეადგილოსანი კი, დიდი ალბათობით, განმეორებით მატჩში გაირკვევა. მატჩი 14 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.