რაც შეეხება შეკრების და მანიფესტაციების შესახებ პაკეტს, რომელიც ეხება ქუჩის გადაკეტვას და ასევე, კანონით აკრძალული ნივთების ქონას მანიფესტაციის დროს, ეს არის რეაქცია იმ უკანონობაზე, რაც ხდება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.
მისი თქმით, დაუშვებელია რომ ყოველდღიურად 20 ადამიანი ახდენდეს მილიონ ნახევრიანი ქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვას.
„ეს არის რეაქცია საზოგადოების მოთხოვნაზე, რომელიც მათ შორის 4 ოქტომბერს მილიონ ასხუთი ათასმა ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ წარუდგინა. შეუძლებელია რომ 20 ადამიანი ძალადობდეს მილიონ ნახევრიან ქალაქზე. შეკრებას და მანიფესტაციას აქვს თავისი წესი. ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი აზრი, თავისი პროტესტი. როდესაც არის ის რაოდენობა, რომელიც ეტევა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტროტუარზე და ა.შ. პროტესტი გამოხატონ იქ. თუ კი იქნება ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის, რომ ტროტუარი დაიკავოს, რა თქმა უნდა შეუძლიათ გამოიყენონ ქუჩის ტერიტორია. თუმცა ახლა, რომ ვხედავთ ფეხებგაფარჩხული, რომ კეტავენ გზას იმიტომ, რომ არ ჰყოფნით ადამიანები, 20 ადამიანი ვერ იძალადებს მილიონ ნახევრიან ქალაქზე. ცდილობენ გაიწელონ, რომ გადაკეტონ გზა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.