იტალიაში აფეთქების შედეგად ორსართულიანი სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 60 წლამდე ასაკის ძმები არიან, ოჯახის მესამე წევრს კი ამ დრომდე ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, ოჯახმა აფეთქება გამოსახლების თავიდან ასაცილებლად მოაწყო.
მედიის ინფორმაციით, იტალიის პოლიცია კერძო სახლიდან მაცხოვრებლების გამოსახლებას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ისინი თავის აფეთქებით იმუქრებოდნენ. მედია წერს, რომ სახლის შესასვლელთან კარაბინიერებმა ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს, კარის გაღებისთანავე კი აფეთქება მოხდა.
„კარაბინიერები და პოლიცია ცდილობდნენ, მაქსიმალური სიფრთხილით ემოქმედათ, თუმცა შედეგი მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა“, – განაცხადა აფეთქების ადგილზე მისულმა ვერონას მთავარმა პროკურორმა.
იტალიაში, ვერონაში ორსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა.