„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ეს ტერმინი პირობითად დავარქვით 4 რადიკალურ პარტიას, რომლებიც აბსოლუტურად სინქრონში მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარტიების აკრძალვაზე საუბრისას.
მაჭავარიანის განმარტებით, ეს პარტიები ყველა რევოლუციის მცდელობაში ერთიანად მოქმედებდნენ, ერთად იკრიბებოდნენ და ერთად სახავდნენ სტრატეგიას და ერთი ვერტიკალით იმართებიან.
„ამ 4-ვე პარტიის ხელმოწერაა იმ სამარცხვინო წერილზე, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გაგზავნეს ბრიუსელში, სადაც ითხოვდნენ საქართველოს დასანქცირებას და ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტას ჩვენს ქვეყანასთან. აქ იგულისხმება უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“, რომელიც ვერ შეასაღეს გარე უფროსებმა ჩვენს საზოგადოებას, როგორც ახალი ძალა, ბატონი გახარიას პარტია, რომელსაც დღემდე 4 მუნიციპალიტეტში აქვს კოალიცია შექმნილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პარტია „ლელო“, რომელიც ჩვეულებრივი პარტნიორია „ნაცმოძრაობის“. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესო დარწმუნდა, რომ 4-ვე რადიკალური ძალა იმართება ერთი ვერტიკალით, თვითონ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი იყო ამის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ფაქტობრივად ქუჩაში დატოვეს ეს პარტიები გარე მითითებების მიხედვით. მათი გარე უფროსები დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ შანტაჟის ფონზე გვაიძულებდნენ კომპრომისებზე წასვლას. არასწორი გათვლა გააკეთეს, შესაბამისად ეს პარტიები დარჩნენ ქუჩაში. შემდეგ ვიხილეთ რებრენდინგი „ნაცმოძრაობის“, როდესაც გარე უფროსებმა გამიჯვნა სცადეს „ლელოს“ და გახარიას პარტიების და თამაშის მიღმა დატოვეს ეს ორი პარტია. არჩევნებში არ მიაღებინეს მონაწილეობა.
ამ 4 ძალას, რომლებიც დესტრუქციულად მოქმედებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვიხსენიებთ, როგორც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.