განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მისვლას გამოეხმაურა.
დეპუტატისთვის ვალტონენის ქმედება მიუღებელია და ურჩევს გაეცნოს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ამსახველ კადრებს.
„ამ ქალბატონის [აქციაზე] მისვლა რადიკალებთან და თანაგრძნობის გამოცხადება ყოვლად მიუღებელია. ვურჩევდი, ნახოს 4 ოქტომბრის კადრები, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე რადიკალებმა შტურმი მიიტანეს. თუ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, ევროპულ სახელმწიფოს დედაქალაქში რომელიმე პრეზიდენტის სასახლის წინააღმდეგ შტურმი არ იგმობა მათი მხრიდან და დამგმობ განცხადებას არ აკეთებენ, გასაგები იქნება. ჯერ ნახოს ეს კადრები, როგორ ძალებთან გვაქვს საქმე. ესენი არ არიან მშვიდობიანი პროტესტანტები, ესენი არიან რადიკალური ექსტრემისტების ნარჩენები, რომლებიც შემორჩნენ რუსთაველის გამზირს. დარწმუნებული ვარ, რომ გაწბილებული დარჩებოდა ეს ადამიანი როდესაც ნახავდა ამ ხალხს“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.