პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეხმიანება, რომელიც საქართველოში FARA-ს ზუსტი ანალოგის გაუქმების რეკომენდაციით გამოდის და ამბობს, რომ ამერიკული კანონი „საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას“.
გაბუნიას განცხადებით, ამ რეკომენდაციით, კომისია ამბობს, რომ აშშ-ში მოქმედი კანონი, რომელიც ამერიკულ დემოკრატიას იცავს, იმავე რედაქციით და ზუსტი თარგმანით, თურმე, არ იცავს ქართულ დემოკრატიას. მისივე თქმით, რეალურად, ამგვარი რეკომენდაციების მიზანი საქართველოში აგენტურული საქმიანობის მხილების გარეშე დარჩენა იყო.
„ანუ ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ კანონი, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იცავს ამერიკულ დემოკრატიას, ზუსტი თარგმანით, იგივე რედაქციით საქართველოში მიღებული ამერიკული „ფარა“ თურმე არ იცავს ქართულ დემოკრატიას.
რეალურად კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის არა „ფარას“ კანონი, რომელსაც მოქმედების დიდი პრაქტიკული შედეგები აქვს, არამედ მსგავსი რეკომენდაციები, რომლის მიზანი იყო და არის შემდეგი: საქართველოში აგენტურული საქმიანობა დარჩენილიყო მხილების გარეშე და მათ ჰქონოდათ მოქმედების ფართო არეალი.. ასეულობით მილიონი ჩაიყარა წყალში…“, – წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში.