აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ უკრაინაში ომი არ შეწყდება, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განგრძობადი აგრესიისთვის რუსეთს საფასურს გადაახდევინებენ.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) კორესპონდენტის ცნობით, მან ეს განცხადება ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფთან შეხვედრის დროს გააკეთა.
როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, ევროპელი ლიდერები რუსეთს უგზავნიან მკაფიო გზავნილს, რომ ახლა „ამ ტრაგიკული ომის დასრულების, ახალი სისხლისღვრის შეჩერებისა და მშვიდობის მიღწევის დროა“.
„თუ ეს ომი არ დასრულდება, თუ უახლოეს მომავალში მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ გამოჩნდება, მაშინ შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან ერთად, გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, რათა რუსეთს, მისი განგრძობადი აგრესიისთვის, საფასური გადაახდევინოს. თუ ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, აშშ-ის ომის დეპარტამენტი მზად არის, გააკეთოს ის, რაც მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია“, – განაცხადა მან.
პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსული აგრესიის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელ ფაქტორებად მიიჩნევს „ლეტალურ, ქმედუნარიან ნატო-ს“ ევროპული ხელმძღვანელობით, ასევე ძლიერ უკრაინულ არმიას, რომელსაც შეუძლია თავის დაცვა და, შესაბამისად – რუსული აგრესიის შეკავების გაგრძელება ნატო-ს საზღვრის გასწვრივ.