საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სან მარინოს რესპუბლიკის ფინანსთა და ბიუჯეტის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრ მარკო გატტის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სან მარინოს შორის საგადასახადო და საფინანსო სფეროში თანამშრომლობის საკითხები და გამოთქვეს სურვილი პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის.
ამასთან, საქართველოსა და სან მარინოს ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმს, რომლის მიზანია საქართველოსა და სან მარინოს შორის მოქმედი „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის სამოდელო საგადასახადო კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
აღნიშნული ოქმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სან მარინოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ინვესტიციების დაცვას.
ამჟამად „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმება ძალაშია 58 ქვეყანასთან.